English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ პაატა კოღუაშვილიელგუჯა მექვაბიშვილი
ფუნდამენტური ნაშრომი თანამედროვე ეკონომიკის ჰუმანიზაციის შესახებ

ქართული ეკონომიკური მეცნიერება, მიუხედავად ბოლო წლების საგრძნობი წარმატებისა, ჯერჯერობით ვერ დაიკვეხნის  თეორიული ნაშრომების სიმრავლით. აღნიშნულის ფონზე განსაკუთრებით ყურადსაღები და საინტერესოა ღვაწლმოსილი მეცნიერის, პროფესორის გიორგი მალაშხიას ფუნდამენტური  

Геогий Малашхия. „Ненависть к капитализму и коммунизму.  Глобальные метаморфозы и будущее человечества Гуманоизм“. Редакторы: д.э.н. профессор Раата Когуашвили,           д.ф.н. Вахушти  Парцвания. Palmarium academic publishing, 886 ст. Тбилиси 2022.

 

ნაშრომი - ,,კაპიტალიზმისა და კომუნიზმის სიძულვილი. გლობალური მეტამორფოზები და კაცობრიობის მომავალი. ჰუმანოიზმი“ (რუსულ ენაზე). ამასთან გიორგი მალაშხია მრავალი სამეცნიერო ეკონომიკური, ფილოსოფიური, სოციოლოგიური ნაშრომის, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია.
მკითხველისათვის შემოთავაზებულ ნაშრომში ავტორი მოვლენათა ანალიზის, შეფასებისა და დასკვნებისათვის მიმართავს სპეციფიკურ მეთოდოლოგიას, რაც გამოიხატება საკაცობრიო ფასეულობათა ზნეობრიობისა და სამართლიანობის კუთხით მოვლენათა განხილვასა და გაშუქებაში. ამასთან, ავტორი კვლევისას იყენებს სინამდვილისადმი ანტროპოცენტრულ მიდგომას - საზოგადოების ცხოვრების მოვლენათა განხილვას ადამიანთა მოთხოვნილებებისა და მწარმოებლური შესაძლებლობების თვალსაზრისით, აქსიომეტრიულ, ცხოვრებისეულ მოვლენათა ფასეულობით ხედვას და ევდემონისტურ, ანუ ბედნიერების თვალსაზრისით ადამიანთა ცხოვრების განსჯას. ასევე, იგი მიმართავს გენეტიკურ მეთოდს - მემკვიდრეობითობის როლის გათვალისწინებას.
პროფ. გიორგი მალაშხიას წიგნი კაცობრიობის მთელი განვლილი ცხოვრების საკვანძო მოვლენებსა და პროცესებს სწორედ ზნეობრიობისა და სამართლიანობის, როგორც ფუძემდებლური საკაცობრიო ფასეულობების კუთხით განიხილავს. მთელი განვლილი ისტორიული პროცესი წარმოდგენილია სწორედ ზნეობრიობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით პროგრესის გზად. ამასთან, ისტორია განხილულია სამართლიანობისათვის ბრძოლის პროცესად, რის შედეგადაც კაცობრიობა გადადიოდა სამართლიანობის უფრო დაბალიდან მაღალ საფეხურზე. სამართლიანობა წარმოდგენილია ადამიანთა ცხოვრების პროგრესის მთავარ ღერძად. ნაჩვენებია, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ გარკვეული გზაა განვლილი და ჯერაც მრავალი პრობლემაა გადასაწყვეტი.
წიგნში დიდი ადგილი ეთმობა კაპიტალიზმის, კაპიტალზე დამყარებულ წარმოებით ურთიერთობათა ანალიზს. ორიგინალურადაა წარმოდგენილი კაპიტალისტური სისტემის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ნიშნები. ნათლადაა ნაჩვენები კაპიტალიზმი, როგორც კაცობრიობის განვითარების ისტორიული ეტაპი, პროგრესი წინამორბედ ეპოქასთან შედარებით. ამის დასტურად ნაჩვენებია მწარმოებლურ ძალთა განვითარება, ეკონომიკის პროგრესი და შესაბამისი პროცესები საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარებასა თუ ცხოვრებაში. ამასთან, განვითარების საერთო შედეგებს ავტორი მიაწერს არა კაპიტალიზმს, როგორც კონკრეტულ სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციას, არამედ ადამიანის, მეცნიერების, განათლების პროგრესს, რამაც განაპირობა თვით კაპიტალიზმზე გადასვლა. ინტელექტუალურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესთან ერთად, თვალნათლივ არის ნაჩვენები პროგრესი პოლიტიკური ცხოვრების, დემოკრატიული განვითარების სფეროებში.
პროფ. გიორგი მალაშხიას წიგნში თვალნათლივ, ორიგინალურად და დამაჯერებლადაა წარმოდგენილი კაპიტალიზმის (საბაზრო ეკონომიკის) ნაკლოვანებანი, წინააღმდეგობანი, საზოგადოების ცხოვრებაში არსებული პრობლემები, რომლებიც კაპიტალიზმმა ვერ გადაწყვიტა და სისტემური შეუთავსებლობის გამო, არც შეიძლება გადაწყდეს მის ფარგლებში.
ავტორი მრავალი დამაჯერებელი არგუმენტით უარყოფს კაპიტალიზმის მარადიულობის, საბაზრო ეკონომიკის უალტერნატივობის ერთობ გავრცელებულ თვალსაზრისს. იგი არგუმენტირებულად წარმოგვიდგენს კაპიტალიზმის ნეგატივებს, რაც დაკავშირებულია შრომით ურთიერთობებთან, დაქირავებული შრომის არსებობასთან, შრომის გაყიდვასთან, არათანაბრ ურთიერთობებთან შრომის ბაზარზე მყიდველსა და გამყიდველს შორის, უსამართლობასთან დოვლათის განაწილების სფეროში და ა.შ. კაპიტალიზმთან დაკავშირებულია ზღვარდაუდებელი და მზარდი ქონებრივი უთანასწორობა ადამიანებს შორის, სტიქიური მოვლენები ბაზარზე, ანარქია ეკონომიკაში, პოლიტიკური სისტემის ხარვეზები, დემოკრატიის არასრულფასოვნება და ა. შ. ამ და სხვა ნეგატივების არსებობა იწვევს კაპიტალიზმის ირრელევანტობას ცივილიზაციის მაღალი საფეხურის მიმართ. აღნიშნულის დემონსტრირების ფონზე ავტორი აკეთებს დასკვნას, რომ ცივილიზაციის სასურველი ეტაპი კაპიტალიზმის ეპოქაში ჯერ კიდევ წინაა.
სოციალიზმის შესახებ მსჯელობას ავტორი იწყებს მისი ისტორიული ძირების განხილვით. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ სოციალისტური იდეის ცალკეული ელემენტები და პრაქტიკული ნიშნები გვხვდება უძველესი დროიდან სხვადასხვა ხალხთა ცხოვრებაში. საერთოდ სოციალისტური სისტემის დამახასიათებელი ნიშნები: საკუთრების საერთო ფორმა, შეფარდებითი თანასწორობა, მეგობრული ურთიერთობა და სხვა, საერთო საკაცობრიო არსენალიდანაა, რომლებიც სოციალიზმმა (კომუნიზმმა) სისხლხორცეულად შეითვისა როგორც ჰუმანური საზოგადოების ძირითადი მახასიათებლები. სოციალიზმი თეორიულად ჰუმანურ ურთიერთობებს - ადამიანებს შორის თანასწორუფლებიანობას, შეფარდებით ქონებრივ თანასწორობას, დოვლათის და უფლებათა განაწილების სამართლიანობას, ეთიკურობას ამკვიდრებს. იგი ამ მხრივ კაპიტალიზმზე გაცილებით სამართლიანი და პროგრესულია.
ავტორი ასევე გვიჩვენებს, რომ სოციალიზმის იდეალების სრულმასშტაბიანი დამკვიდრება პრაქტიკაში მსოფლიოს ქვეყნების ნაწილში, სადაც ის ინსტიტუციურად დომინირებდა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე (სსრკ და ევროპის რიგ ქვეყანაში და სხვ.), ვერ მოხდა. სოციალიზმზე გადასვლის მარქსისტულ-ლენინურ იდეოლოგიაზე დამყარებულმა ძალადობრივმა, რევოლუციურმა გარდაქმნებმა არ გაამართლა. მან არამარტო უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია, არამედ, ვერ უზრუნველყო იმ იდეალების რეალიზება, რომლებიც სოციალიზმის არსს გამოხატავს. განსაკუთრებით ეს ეხება საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას. ამასთან ერთად, მან ვერ უზრუნველყო სოციალური და ეკონომიკური განვითარების, ადამიანთა კეთილდღეობის მაღალი დონის მიღწევა. ავტორმა ორიგინალურად ახსნა სოციალიზმის დამარცხების შინა და გარე მიზეზები, ცივილიზაციის პროცესთან მისი კავშირი. ამასთან ისიც დაასაბუთა, რომ სოციალიზმის ბედი საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, ის არსებობს მსოფლიოს საკმაოდ დიდ ნაწილში.
პროფ. გიორგი მალაშხიამ ასევე თვალნათლივ აჩვენა, რომ სოციალიზმის რიგი ნიშან-თვისება ზოგად საკაცობრიოა, ისინი აშკარად დამახასიათებელია მრავალი ქვეყნისათვის ევროპასა თუ სხვა კონტინენტზე. საგულისხმოა ავტორის თვალსაზრისი, რომ კომუნისტური (სოციალისტური) ქცევის თუ ცხოვრების ნორმები მეტ-ნაკლებად ახლავს ყველა ქვეყანას და, თუ კარგად დავაკვირდებით, ერთობ თვალსაჩინოდაც. ეს გამოიხატება თვით კაპიტალისტურ სახელმწიფოებში საერთო საკუთრების არსებობაში, საბიუჯეტო და სხვა საზოგადოებრივი ფონდების გამოყენებაში საერთო მიზნებისათვის, მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაში, ადამიანებს შორის უანგარო ურთიერთდახმარებაში, ემპათიაში და ა.შ.
პროფ. გიორგი მალაშხია იკვლევს საზოგადოების განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და ორიგინალური ხედვით გვიჩვენებს რიგ დამახასიათებელ კანონზომიერებასა და მიმართულებას. ეს ჩანს იმ ტენდენციებში, რომელთაც, მისი მტკიცებით, მივყავართ სრულიად ახალ პოსტკაპიტალისტურ და პოსტსოციალისტურ საზოგადოებრივ სისტემამდე, რომელსაც ავტორი განიხილავს ნამდვილ ადამიანურ, საზოგადოებად. მას პირობითად ჰუმანოიზმს უწოდებს.
ამ საზოგადოებრივ წყობაზე გადასვლას, რაც ავტორს კაცობრიობის უეჭველ მომავლად წარმოუდგენია, განსაზღვრავს პირობათა მთელი წყება. განსხვავებით მეცნიერებაში არსებული კონცეფციებისგან, გიორგი მალაშხიას მიერ ყოველგვარი, მათ შორის, მთელი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური განვითარების ამოსავლად მიჩნეულია საკუთრივ ადამიანის ინტელექტუალური განვითარება, განათლების, მეცნიერების, ტექნიკის, კაცობრიობის შემეცნებითი დონის ამაღლება. ამას მოსდევს ჭეშმარიტების დამკვიდრება ცხოვრებაში, ადამიანთა გათავისუფლება მანკიერებათაგან - ანგარებისაგან, სიხარბისაგან, აგრესიისაგან, საერთოდ ბოროტებისაგან, ნამდვილი ახალი ეთიკური რევოლუცია. ეს, აღნიშნული ნაშრომის მიხედვით, წარმოდგენილია, როგორც ეგოიზმის სამყაროდან ალტრუიზმის სამყაროში გადასვლა, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს ჭეშმარიტების ტრიუმფს, სიყვარულის სამყაროში ცხოვრებას. ასეთია გიორგი მალაშხიას მიერ წარმოსახული საკაცობრიო ცხოვრების ოპტიმისტური მომავალი, რომლის უეჭველობას სათანადო არგუმენტებით ავტორი ადასტურებს თავის მრავალპლანიან, საზოგადოების, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, განვლილი პრაქტიკული საქმიანობის კრიტიკული გააზრებისა და თეორიული განზოგადების მქონე უაღრესად საინტერესო, დამაფიქრებელ ფუნდამენტურ მონოგრაფიაში. ამიტომაც შეიძლება ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ითქვას, რომ პროფესორ გიორგი მალაშხიას დასახელებული ნაშრომი ქართული ეკონომიკური მეცნიერების, ეკონომიკური თეორიის მნიშვნელოვანი შენაძენია. ის დიდ სამსახურს გაუწევს ეკონომიკური თეორიით, ეკონომიკის მამოძრავებელი ძალებისა და ისტორიული გენეზისის შესწავლით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.

 

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი